პროექტის შეხვედრები
პირველი შეხვედრა ბრნოში - საორიენტაციო შეხვედრა
2017 წლის თებერვალი
პირველი, ე.წ საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში, რომელსაც პროექტ STAR-ის კოორდინატორმა უნივერსიტეტმა, მასარიკის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საორიენტაციო შეხვედრას ბულგარეთისა და პორტუგალიის გუნდების გარდა ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მთლიანი პროექტი, ისაუბრეს პროექტის სამომავლო მუშაობის პრინციპზე და პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის თითოეული პარტნიორის როლზე. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო საქართველოსა და ჩინეთიდან პარტნიორების დასწრება.
რუსე
2017 წლის ოქტომბერი
პროექტის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა რუსეს ანგელ კაჩიევის სახელობის უნივერსიტეტმა (რუსე, ბულგარეთი). შეხვედრის მთავარი მიზანია იყო პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის დაფუძნებისათვის საჭირო პროცედურების განხილვა/ დისკუსია და შიდა ინსტიტუციური საჭიროებების ანალიზის შედგენა. გარდა ამისა, განხილულ იქნა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შესახებ სახელმძღვანელოს ძირითადი სტრუქტურა და პარტნიორი უნივერსიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა ის სწავლების მეთოდები, რომლებზეც გამახვილდებოდა ყურადღება პროექტის მსვლელობისას.
კოიმბრა
2018 წლის მარტი
პროექტის მესამე შეხვედრა გაიმართა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც საპილოტე რეჟიმში ჩატარდა პირისპირ ტრეინინგი და შედგა სახელმძღვანელოს ძირითადი შინაარსის პრეზენტაცია/განხილვა. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ცენტრების დაფუძნების პირველ ეტაპს და შიდა საუნივერსიტეტო საჭიროებების ანალიზს. შეხვედრის მსვლელობაში დაიგეგმა ჩინეთში, ქალაქ ჟანიანგში გასამართი შუალედური კონფერენცია და ქართული და ჩინური პარტნიორი უნივერისტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩასატარებელი ტრეინინგის სტრუქტურა.
თბილისი
2018 წლის ოქტომბერი
მორიგი პროექტის შეხვედრა, ამჯერად უკვე ტრეინინგის ფორმატში, გაიმართა საქართველოში, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრის განმავლობაში პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ოცდარვა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიარა პორტუგალიის გუნდის მიერ გამართული ტრენინგი. სამ დღიან ტრეინინგს წინ უსწრებდა ერთ თვიანი ონლაინ ტრეინინგი, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ მასალებს დეტალურად. შეხვედრის დროს განისაზღვრა ჟანიანგის შუალედური კონფერენციის დასკვნითი ფორმატი. ასევე, დაიწყო ონლაინ პლატფორმასა და ტრეინინგის ონლაინ ვერსიაზე მოსამზადებელი სამუშაოები.
ჟანჟიანგი
2018 წლის ოქტომბერი
პროექტის მეხუთე შეხვედრა ლინგნანის ნორმალურ უნივერსიტეტში, ჟანჟიანგში, ჩინეთში შუალედური კონფერენციით დაიწყო. კონფერენციას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომლის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული ტრენინგები სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე ჩატარდა. ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალიდან დატრენინგდა 28 ადამიანი.
ბრნო 2
2019 წლის თებერვალი
მეექვსე შეხვედრას ისევ მასარიკის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, რომლის დროსაც ონლაინ პლატფორმის სტრუქტურის პრეზენტაცია შედგა. ონლაინ პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო ონლაინ სივრცეს გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენების წახალისებისთვის. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთეულების ახლად ჩამოყალიბებული სისტემა. თითოეულმა განყოფილებამ პროექტის შედეგების გამოყენებით უკვე ჩაატარა ტრენინგები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომაზე. დაბოლოს, ჩატარდა საბოლოო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.